მოკლედ: თუ კომპიუტერზე ლიცენზიური Windows იყო, იმავე ვერსიის (Home ან Pro) გადაყენების შემდეგ ის ჩვეულებრივ თავად აქტიურდება — ციფრული ლიცენზიით ან ლეპტოპის BIOS-ში ჩაწერილი გასაღებით. ინტერნეტიდან „აქტივატორებს“ ნუ გამოიყენებთ.

რატომ „ვარდება“ აქტივაცია

Windows-ით ნაყიდი ლეპტოპების უმეტესობას პროდუქტის გასაღები დედაპლატის BIOS-ში აქვს ჩაწერილი. ზოგ კომპიუტერს ციფრული ლიცენზია აქვს, რომელიც Microsoft-ის სერვერებზე ინახება და მოწყობილობას უკავშირდება. ორივე შემთხვევაში იმავე ვერსიის დაყენებისას აქტივაცია ავტომატურად ხდება ინტერნეტთან დაკავშირებისთანავე.

პრობლემა სამ შემთხვევაში ჩნდება: სხვა ვერსია დააყენეთ (მაგალითად, Pro Home-ის ნაცვლად), დედაპლატა შეიცვალა, ან ლიცენზია თავიდანვე არ იყო — ლეპტოპზე FreeDOS ან პირატული ასლი იდგა.

როგორ შევამოწმოთ აქტივაცია

გახსენით პარამეტრები → სისტემა → აქტივაცია. იქ ჩანს Windows-ის ვერსია და სტატუსი. თუ წერია, რომ გასაღები ვერ მოიძებნა, დაიმახსოვრეთ შეცდომის კოდი.

ჯერ დაუკავშირდით ინტერნეტს და 10–15 წუთი დაელოდეთ. შემდეგ იმავე გვერდზე დააჭირეთ „პრობლემების აღმოფხვრას“ — ეს ოსტატი აქტივაციას აღადგენს, თუ ლიცენზია Microsoft-ის ანგარიშზე იყო მიბმული.

რატომ არ უნდა გამოიყენოთ „აქტივატორები“

ინტერნეტიდან ჩამოტვირთული KMS-აქტივატორები ვირუსების ყველაზე ხშირი წყაროა, რომლებსაც კლიენტებთან ვშლი. ისინი Windows-ის დაცვას თიშავენ და ზოგჯერ ფოსტისა და ბანკის პაროლებს იპარავენ. ლეგალური ვარიანტები არსებობს — დაწვრილებით სტატიაში „Windows-ის ლიცენზია“.

შეიძლება თუ არა Windows-ით აქტივაციის გარეშე სარგებლობა

ტექნიკურად — კი: სისტემა მუშაობს და უსაფრთხოების განახლებებს იღებს. მაგრამ წყლის ნიშანი რჩება, გაფორმების პარამეტრები დაბლოკილია. სამუშაო კომპიუტერისთვის და ბიზნესისთვის ლეგალური ლიცენზია აუცილებელია.