რა ემართება Windows 10-ს
2025 წლის 14 ოქტომბერს Windows 10-მა ჩვეულებრივი განახლებების მიღება შეწყვიტა. სახლის მომხმარებლებისთვის მოქმედებს გაფართოებული უსაფრთხოების განახლებების პროგრამა (ESU) — 2026 წლის 13 ოქტომბრამდე. ამის შემდეგ კომპიუტერი იმუშავებს, მაგრამ ახალი დაუცველობები აღარ დაიხურება. ბანკსა და ფოსტაში შესასვლელი კომპიუტერისთვის ეს რეალური რისკია.
როგორ შევამოწმოთ თავსებადობა
დააყენეთ Microsoft-ის უფასო პროგრამა PC Health Check და დააჭირეთ „შემოწმებას“. ის გეტყვით, კონკრეტულად რა არ ემთხვევა.
ხშირი შემთხვევა: პროგრამა წერს, რომ TPM 2.0 არ არის, თუმცა ის არის — უბრალოდ BIOS-შია გამორთული (Intel-ზე PTT, AMD-ზე fTPM). ჩართვის შემდეგ კომპიუტერი თავსებადი ხდება.
განახლება თუ სუფთა დაყენება
განახლება ფაილებსა და პროგრამებს ინახავს — ჯობია, თუ Windows 10 სწრაფად და შეცდომების გარეშე მუშაობს. სუფთა დაყენება — თუ კომპიუტერი ნელია, ვირუსები იყო ან სისტემა 3–4 წელზე ძველია. ლიცენზია ორივე შემთხვევაში ინახება.
გამოცდილებიდან: HDD დისკიან ლეპტოპზე Windows 11 ნელა მუშაობს. თუ დისკი ძველია, ჯობია ორივე საქმე ერთ ვიზიტში გაკეთდეს — SSD და Windows 11.
თუ კომპიუტერი არ ემთხვევა მოთხოვნებს
მოთხოვნების გვერდის ავლის გზები არსებობს, მაგრამ მთავარი კომპიუტერისთვის არ გირჩევთ: Microsoft პირდაპირ წერს, რომ ასეთმა მოწყობილობებმა შეიძლება განახლებები არ მიიღონ. სჯობს, Windows 10 მხარდაჭერის ბოლომდე დატოვოთ და ახალი კომპიუტერი დაგეგმოთ.